დღე 3

დღეს გადავწყვიტე ფეხით გადავსულიყავი პარკში და ასეც მოვიქეცი 6:45 სთ-ზე  წავედი;
ძალიან მომწონს ეს დილის 1 საათიანი სიარული. პარკი ერთი დიდი ოჯახივითაა; ყველა ყველას სცნობს, შენც გცნობენ, გცნობენ რომ ახალი ხარ და ალბათ ეჭვის თვალითაც გიყურებენ, რამდენად სტაბილური იქნები...

ერთი შემოვლა 1000 ნაბიჯზე მეტია (დაახლოებით); ორი შემოვლის შემდეგაც ვერ ვიგრძენი რომ შესაძლო იყო ოფლი წამომსვლოდა; აი როგორი განცდაა რაა, მოძრაობ, მოძრაობ და ელოდები... როგორც ორგაზმს, ისე ელოდები...ჰაა წამოვიდათუ არა?! მოაქვს?! უკვირდები შენს ორგანიზმს, მაგრამ რად გინდა ...
მოძრაობაშივე აღმოვაჩინე ოფლის გამოდევნის საიდუმლო, მივხვდი რომ ხელებიც უნდა მემოძრავებინა, ჰოოდა სპორტსმენებივით ოდნავ მოვხარე იდაყვში, მუშტები შევკარი და ნაბიჯს ავუჩქრე, თან ხელებს ვიქნევდი, მხრებსაც რომ გადასდებოდათ მოძრაობა.. მესამე წრეზე დაიწყო!!! მაგარი განცდა :)
 სრულ 1 საათში 7 000 ნაბიჯზე მეტი გავიარე + სახლამდე მანძილიც და 8000 ნაბიჯი (ცოტა მეტიც); მე კმაყოფილი ვარ - წესით 10 000 ნაბიჯი არის ჩემი დღიური გეგმა, თუ ჩემს ტელეფონის აპლიკაციას დავუჯერებთ;

თან ეს ჰაერზე სიარული ძალიან მსიამოვნებს დილაობით; სახლში რომ მოვედი - ჩემს თავს ვუთხარი - გინდა კეფირი? და ჩემმა შინაგანმა ხმამ მიპასუხა - მიალაგე ნივთები, დარეცხე ჭურჭელი, მერე აბაზანა, ამასობაში 1 საათიც გავა და შენ მიიღებ შენს კუთვნილ კეფირს! :D  მოდი და ნუ დაუჯერებ.


დილიდნვე ისეთ ენერგიაზე ვიყავი, რომ ჩემ მეორე გეგმაზე დავიწყე ზრუნვა. აღვიკაზმეთ მე და ნიკოლა და გადავწყვიტეთ ღებვა დაგვეწყო, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ნიკოლოზის განწყობა :)
-დეე, დღეს ერთი დიდი გეგმა გვაქვს, აბა თუ გამოიცნობ? მინიშნებას გეტყვი - ტომ სოიერიც აკეთებდა..
-დედა, ტომ სოიერი სხვებს აკეთებინებდა. უნდა შევღებოთ?! - უცებვე მიპასუხა თან როგორც იცის დარწმუნებული სახით;

ვიყიდეთ 3 ლ-ით საღებავი, პატარა "კატოკი" და ფუნჯი ვითხოვეთ და დავიწყეთ;











მალე დამხმარე ძალა შემოგვიერთდა  კოკას სახით; და აგრეთვე დამხმარე ტექნიკა დუპას სამეგობროსგან;












შედეგად 6 პალეტი-პადონი შეღებილია;

პ.ს. მართალია არის ადგილები სადაც კიდევ დასჭირდება საღებავის გადასმა, მაგრამ პირველი ეტაპისთვის საკმარისია;

გამოვიყენეთ: 
1 ფუნჯი,
1 "კატოკი"
2 ცალი - 3 ლიტრიანი თეთრი საღებავი,
კომპრესორი
1 ლ ბენზინი
1 ნესვი
და გულშემატკივართა დარიგებები და რჩევები,
ვუპასუხეთ ცნობისმოყვარეთა შეკითხვებს :)


დღე 1

ბევრის საქმის მიუხედავად, მაინც დავრეკე პადონებზე (პალეტი) და შევხვდი. 6 ცალი პადონი ვიყიდე, დატვირთვისას იყო დიალოგები - "მგონი სულ ტყუილად მაწვალებ" - ჩემი ქმარი; "მეც დავიწყე და ისეთი გამოვიდა მამაჩემი მეც მაგდებდა იმასთან ერთად" - დამხმარე ბიჭი :D

მიუხედავად ამისა მე მაინც დავიწყე;

(ვიწყებ შეღებვით - ფერი თეთრი ან რუხი... ვიფიქტრებ)






თუმცა დღე დაიწყო დილის ვარჯიშით; ჩემი სავარჯიშო ადგილი - ქალაქის პარკია, თამუნა, ნინო და  მე ვართ მეგზურები :) და კიდევ ჰანიც - მათი ცელქი ლაბრადორი;
ფილმი ხომ გახსოვთ "მარტო სახლში", მანდ რომ ქალია - მტრედებს რომ აპურებს და უამრავი მტრედი გარს რომ ახვევია, ასეა თამუნა - ჯიბეში აქვს პედიგრი, პატარა ცელოფნით პურები და პარკის ძაღლები სიხარულით ეგებებიან. თამუნას ფავორიტიც ჰყავს - დედა ძაღლი, თვითონვე რომ ამოუთხრია ლეკვებისთვის მიწაში ბუნაგი და ცოტა ძუძუები რომ სტკივა, პედიგრი - მისია :)

კვება - რაციონიდან ამოვიღე პური, ნამცხვრები ხაჭაპურები, ორცხობილები, ვაფლები, პეჩენიები..  ყავაში მხოლოდ 1 კოვზი შაქარი ჩავიყარე (4 კოვზის შემდეგ არც ისე იოლია :/)

თეას რჩევები, რომლებიც ძალიან მომეწონა - ვარჯიშზე მითხრა -არ ირბინო, იარე, არ შეიძულო ვარჯიში - გესიამოვნოსო; მთავარია გეცვეს მკლავიანი და ზემოდან "პლაშოვკა" - ოფლი უნდა გამოვიდეს...
და დიეტაზეც მითხრა - არ დაიტანჯო თავიო... ვნახოთ აბა რა გამოვა...

"ჯული და ჯულია" - როგორც შთამაგონებელი

ერთხელ ფილმი ვნახე - "ჯული და ჯულია". ეს არის ფილმი გოგოზე, რომელიც 1 წლის მანძილზე ამზადებს კერძებს გასულ წლებში დაწერილი რეცეპტების წიგნის მიხედვით... ხო, საოცარი არაფერი, მაგრამ ფილმში არის მომენტი, როცა გოგონა დედას ესაუბრება თავის გადაწყვეტილებაზე და უხსნის რომ მას სჭირდება ისწავლოს მიზნების დასახვა და მოკლე ვადიანი გეგმების განხორციელება, რომ ეს მას სხვა საქმეებშიც სასარგებლოდ წაადგება... ფილმში კიდევ მრავალი ყურადსაღები მოვლენაა განვითარებული, მაგრამ ამ მომენტმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. 

მიჭირს  გარკვეულ გეგმას მივდიო, ან თუნდაც ორგანიზებულად დავგეგმო სხვადასხვა საქმეები. ამის პრობლემა განსაკუთრებით მაშინ მექმნება, თუ რამდენიმე საქმეზე ერთად უნდა ვკონცენტრირდე; მაგალითად -  ორშაბათს ვატარებ გაკვეთილებს, მაქვს კონსულტაცია მასწავლებელთან, საღამოს რამდენიმე მასწავლებელს კიდევ უნდა დავურეკო მორიგი კონსულტაციების დასაგეგმად, აგრეთვე გაკვეთილებია მეორე დღისთვის დასაგეგმი, სახლში მოსულს გხვდება სადილი გასამზადებელი (შენთვის და სამი კაცისთვის)  და სახლიც მისალაგებელი. ამას დავუმატოთ ელ. ბაზების მოწესრიგება, მასალების ატვირთვა, რეპორტების დაწერა და შაბათ-კვირის ტრენინგები, და ხან კიდევ სხვა საქმეებიც... 

მოკლედ, კრიტიკულ წუთებამდე მიმყავს საქმე და მერე მეხსნება აზროვნება... თუმცა დრო ყოველთვის არასაკმარისია, რაც უარყოფით   გავლენას ახდენს ხარისხზე :/ 

და კიდევ უფრო მოკლედ - შემაწუხა ამ შეძნილმა უნარ-ჩვევამ...

ჰოოდა გადავწყვიტე აგვისტოში ორი (სამი) მოკლე და მარტივი გეგმა გავახორციელო.
აქ იმიტმ ვწერ, რომ არ მინდა მერე ჩემს თავს ვუღალატო და თუ დავაპირე იქნებ ჩემი ნაწერის შემრცხვეს.



გეგმა N1 - პალეტებით უნდა გავაკეთო სავარძელი
გეგმა N2 - უნდა დავიკლო წონაში;


გეგმა N1 - თვის მინდა პალეტები, ღრუბელი, ნაჭერი, საღებავი, ბალიშები  და ენთუზიაზმი.
გეგმა N2 - უფრო მტკივნეულია, მის გასახორციელებლად ხვალიდან ვიწყებ სირბილს, ვარჯიშს და დიეტას.